სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/წასვლის იძულება
2021-08-30
16 ივლისს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ნინო ქვირია, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ნინო ქვირიას თქმით, პოლიტიკური მოტივით, მიზანმიმართულად დევნიდნენ და ცდილობდნენ, ხელოვნურად შეექმნათ მისი გათავისუფლებისთვის ხელჩასაჭიდი მიზეზი, რისთვისაც უსაფუძვლო გაფრთხილებებს უგროვებდნენ, პოლიტიკური დევნა რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის, ინიციატივით ხორციელდება, რომელიც დაინტერესებულია რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის პოლიტიკურ-საარჩევნო მიზნით გამოყენებაში, რასაც ქვირია ხელს უშლიდა.
ქვირიას თქმით, გათავისუფლებამდე მას მტრულ გარემოს უქმნიდნენ და აიძულებდნენ, წასულიყო სამსახურიდან. მას თანამდებობის დატოვება პირდაპირ მოსთხოვა რუსთავის მერმა. ქვირიას კაბინეტში შესვლამდე დაატოვებინეს მობილური. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის მოხელეს გადადგომა მოსთხოვა „ქართული ოცნების" რეგიონული ოფისის უფროსმა, დავით კობახიძემ. საგულისხმოა ისიც, რომ ეს შეხვედრა ნინო ლაცაბიძის ოფისში შედგა.