2021-09-07
ტვ პირველის ინფორმაციით, 8 აგვისტოს, ოზურგეთში, „ქართული ოცნების" შტაბში ფულის დარიგების კადრები დააფიქსირეს. შტაბის წევრი გელა ჭანუყვაძე მოქალაქეს ფულს, 400 ლარს გადასცემს. შენობაში ასევე იმყოფებოდა გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე. მისი განმარტებით, მოქალაქეს ფული წყლისა და პროდუქტის საყიდლად მისცეს.
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა გაარკვია ქალის ვინაობა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ფულს იღებდა. იგი სოფელ დვაბზუს საკრებულოს წევრობის კანდიდატის როზეტა სკამკოჩაიშვილის კოორდინატორი აზა ჭელიძეა. დამკვირვებელი ესაუბრა სოფელ დვაბზუს კანდიდატს, რომელმაც უარყო ჭელიძესთან კავშირი და განაცხადა, რომ არ იცნობს, თუმცა დამკვირვებელმა მოიპოვა ფოტოსურათი, სადაც როზეტა სკამკოჩაიშვილი აზა ჭელისძესთან და შვილთან „ქართული ოცნების" დეპუტატ მარიკა ჩხიკვიშვილთან ერთადაა ასახული.
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი ასევე ესაუბრა „ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ღურჯუმელიძეს, რომელმაც დაადასტურა რომ აზა ჭელიძე დვაბზუს მცხოვრებია და „ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია. რაც შეეხება თანხას, ის გადაცემული იყო წყლის საყიდლად. ღურჯუმელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გახარჯული თანხა მკაცრად კონტროლდება და შესაბამისი დოკუმენტაციაც თან ახლავს.
10 აგვისტოს გავრცელდა ტვ პირველის ექსპერიმენტის
აუდიო ჩანაწერი, ტელეკომპანიის ჟურნალისტი აზა ჭელიძეს გაეცნო, როგორც "ქართული ოცნების” ცენტრალური შტაბის თანამშრომელი და ოზურგეთის ოფისში მომხდარზე დეტალები გამოჰკითხა. ჩანაწერში ჭელიძე ამბობს, რომ ეს გადასაადგილებელი, სამოძრაო ფული იყო, ვინმეს რამე რომ დასჭირვებოდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა პროკურატურას მიმართეს.