ქეთევან გილაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება
2012-07-31 ქეთევან გილაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 2012 წლის ივნისში გაათავისუფლეს. ის გამგეობის ერთ-ერთ სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ქეთევან გილაშვილის პირადი განცხადება, თუმცა საქმეში წარმოდგენილ აღნიშნულ განცხადებაზე განმცხადებლის მიერ არ არის დასმული თარიღი. ასევე გათავისუფლების თაობაზე პირად განცხადებაში სამსახურის სახელწოდებად მითითებულია სახელწოდება, რომელიც სამსახურის აღარ ერქვა 2012 წლისათვის. ქეთევან გილაშვილმა საიასთან საუბარში განმარტა, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზი მისი მეუღლის პოლიტიკური საქმიანობა გახდა. მისი მეუღლე, მიხეილ ქვლივიძე, კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტია და გააჩნია ქართული ოცნების დამფუძნებელ ყრილობაზე მონაწილის მანდატი.
საიას დახმარებით ქეთევან გილაშვილმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.