"ქართული ოცნების" აქტივისტ გიორგი ჭინჭარაულის დაკავება სოფელ გამარჯვებაში
2012-08-13 2012 წლის 6 აგვისტოს დედოფლისწყაროს ცენტრში დააკავეს სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები გიორგი ჭინჭარაული, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტია. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს გიორგი ჭინჭარაულმა განუცხადა, რომ იგი სოფლიდან პირადი საქმეებთან დაკავშირებით რაიონში ჩამოვიდა, რა დროსაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ყოველივე მიზეზის გარეშე ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში წაიყვანეს. როგორც გიორგი ჭინჭარაული აცხადებს, მას დაკავებისას არ განუმარტეს თუ რა იყო მისი დაკავების მიზეზი და რაში ედებოდა ბრალი, ასევე არ მიეცა სატელეფონო ზარის განხორციელების საშუალება. რამოდენიმე საათის შემდეგ გიორგი ჭინჭარაული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე გასამართლდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლომ გიორგი ჭინჭარაულს 400 ლარიანი ჯარიმა დაუწესა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე