სამარშრუტო ტაქსის მძღოლის, როინ ქათამაძის მიმართ განხორციელებული ზეწოლა ქობულეთში
2012-08-12 2012 წლის 12 აგვისტოდან ქობულეთი-ზენითის სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, როინ ქათამაძეს სამარშრუტო ხაზზე მუშაობა აუკრძალეს. საქმიანობის აკრძალვას იგი იმ ფაქტს უკავშირებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა შეხვედრაზე კოალიციის მხარდამჭერები გადაჰყავდა.
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას შპს "ქობულეთის ტრანსრეგულირების" ხელმძღვანელმა ლევან გუგუნავამ და მისმა მოადგილემ რობერტი კაკალაძემ განაცხადეს, რომ როინ ქათამაძე 2 წელია ხელშეკრულების დარღვევის გამო გათავისუფლებულია სამსახურიდან, მაგრამ თვითნებურად მუშაობდა, არ იხდიდა გადასახადებს, არღვევდა გრაფიკს და ეჩხუბებოდა ხაზის მძღოლებს.
როინ ქათამაძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა და ასევე აქვს 2012 წლის 12 აგვისტოს რიცხვით დათარიღებული შპს ,,ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურის" მიერ გამოწერილი საგზური, რაც მძღოლს ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების ნებას რთავდა.