გამგებლის ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტში
2013-01-10 მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ისპანდიარ ქერიმოვმა საკრებულოს წევრებს გააცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა დეკანოიძის განცხადება,რომელიც ითხოვდა გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას, საფუძველი: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -20 მუხლის „დ” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი. ამავე სხდომაზე დაინიშნა საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით გამგებელის მოვალეობის შემსრულებლად პაატა აბრამიშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ გამგებლის არცერთი მოადგილე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად არ დაინიშნა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად გარეშე პირი - პაატა აბრამიშვილი დაინიშნა.
2013-01-10 10 იანვარს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად პაატა აბრამიშვილი დაინიშნა. რაიონის საკრებულომ ის ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. აბრამიშვილი წარსულში შსს მარნეულის სპეცრაზმში მუშაობდა. მოგვიანებით კი საქმიანობა ,,ქართუ ბანკში" და "ელიტა ბურჯში" გააგრძელა. აბრამიშვილი არჩევნებზე მარნეულის კოალიცია ,,ქართული ოცნების" მობილურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. გამგებლად მისი კანდიდატურა ,,ქართული ოცნების" ადგილობრივმა შტაბმა წარადგინა.
მარნეულში აქციები გამგებლის გადადგომის მოთხოვნით დეკემბრის თვეში იმართებოდა. ყოფილმა გამგებელმა ზაზა დეკანოიძემ მაშინ განაცხადა, რომ თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებდა, თუ ,,ქართული ოცნების" მარნეულის ოფისი ერთ გამგებლობის კანდიდატზე შეთანხმდებოდა.