საპროტესტო აქცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
2012-12-01 ნოემბრის ბოლოს „ქართული ოცნების“ აქტივისტი, შოთა ფირცხალაიშვილი, რამდენიმე დღე შიმშილობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ. მას მხარს უჭერდა „ქართული ოცნების“ აქტივისტების გარკვეული ნაწილი. მართალია შოთა ფირცხალაიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა, მაგრამ აღნიშნული აქცია უფრო მასშტაბური ფორმით გააგრძელეს. დეკემბრის დასაწყისში გამგეობის წინ 200 კაციანი კარავი გაშალეს აქტივისტების სხვა ჯგუფმა, რომლებსაც მხარს რესპუბლიკელები უჭერენ. კარავში რამდენიმე კაცი შიმშილობს. მოშიმშილეების მოთხოვნაა გამგებელის მოვალეობის შემსრულებლის კახა ასკურავას, საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტაძის, გუბერნატორისა და პრეზიდენტის გადადგომა. აქციის მონაწილეთა განმარტებით, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სხვა პოლიტიკური ძალა მოვიდა და ამ ყველაფერს ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებაც უნდა მოჰყვეს.