საპროტესტო აქცია რწმუნებულის გადადგომის მოთხოვნით მანავში
2013-03-14 2013 წლის 14 მარტს სოფელ მანავში გამგეობის ტერიტორიაზე გაიმართა აქცია, რომელსაც დაახლოებით 40 ადამიანი ესწრებოდა. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს ახლად დანიშნული მანავის რწმუნებულის, თამარ აზარიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება. აქციის ზოგიერთი მონაწილის განცხადებით, რწმუნებული და მისი მეუღლე სოფელში სტიქიით დაზარალებულთა კომისიას ხელმძღვანელობდნენ და მათ მონაცემები არასწორად შეადგინეს. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი პირადად დაესწრო აქციას და გაესაუბრა მანავის რწმუნებულს თამარ აზარიაშვილს, რომელმაც საუბარში აღნიშნა, რომ აქციამ ძალადობრივი სახე მიიღო. მას დილის საათებში არ მიეცა საშუალება შესულიყო სამუშაო ოთახში, რადგან აქციის რამოდენიმე მონაწილეს ბლოკირებული ჰქონდა რწმუნებულის სამუშაო ოთახის შესასვლელი.