საპროტესტო აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით წალკაში
2013-01-29 აქცია 29 იანვარს კვლავ გაიმართა იგივე მოთხოვნებით. ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილმა მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უყურადღებობაში დაადანაშაულა, რის გამოც აქციის გაგრძელება თბილისში კანცელარიის წინ გადაწყვიტეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, აქციის მონაწილეები საკრებულოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ შეხვედრიან და არც მათი მოთხოვნები გაუჟღერებიათ. მაჩიტიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკრებულოში მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომის ჩატარება იგეგმება, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ჯონი საბაძის დანიშვნის საკითხს განიხილავენ.
2013-01-22 22 იანვარს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან "ქართული ოცნების" აქტივისტებმა მომდევნო საპროტესტო აქცია გამართეს. ამჯერად, მათ გამგებლის თანამდებობაზე ჯონდი საბაძეს კანდიდატურა გააპროტესტეს და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტის, იური მოდებაძის დანიშვნა მოითხოვეს. ასევე უნდობლობა გამოუცხადეს წალკის მაჟორიტარ დეპუტატს.
25 იანვარს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები კვლავ შეიკრიბნენ. მათ გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ჯონი საბაძის შესაძლო დანიშვნა გააპროტესტეს. მათი თქმით, ჯონი საბაძე უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია.
2012-12-27 27 დეკემბერს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან "ქართული ოცნების" აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი გამგებლად "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ემზარ გელოვანის დანიშვნას მოითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საკრებულოს სხდომაზე ახალი გამგებლის "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორის, ბესიკ ლაჩოშვილის არჩევა იგეგმებოდა. საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაჩიტიძის განცხადებით კი სხდომის დღის წესრიგში არ ყოფილა გამგებლის არჩევა.