ფიზიკური ანგარიშსწორება „რესპუბლიკური პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის მიმართ გორში
2013-07-02 2013 წლის 2 ივლისს საინფორმაციო საშუალებების მიერ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 20 წლის სტუდენტი, „რესპუბლიკური პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, გიორგი პაპიაშვილი 23 ივნისის საღამოს სასტიკად სცემეს. პაპიაშვილი და მისი ადვოკატი თამარ თედლიაშვილი აღნიშნული შემთხვევის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს ესაუბრნენ. როგორც საუბრიდან ირკვევა, 2012 წლის ზაფხულიდან მოყოლებული პოლიციის თანამშრომლები - გიორგი თაბუაშვილი, მოციქულაშვილი და სხიაშვილი მას სხვადასხვა დანაშაულის პროვოცირებას ავალებდნენ, რომლის მიზანი კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების დანაშაულში მხილება იყო, ხოლო მან კრიმინალური პოლიციელებთან ამგვარ „თანამშრომლობაზე“ უარი თქვა და მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი გაასაჯაროვა. პაპიაშვილი აცხადებს, რომ პოლიციელებთან ერთად მასზე გარკვეულ ფსიქოლოგიურ ძალადობას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი საურიც ახორციელებდა. 2013 წლის 23 ივნისს პოლიციელებმა - თაბუაშვილმა, მოციქულაშვილმა და სხიაშვილმა იგი სასტიკად სცემეს. აღნიშნულს ადასტურებს გიორგი პაპიაშვილის მეგობრის დედა,რომელიც შემთხვევის თვითმხილველი გახდა. ფაქტთან დაკავშირებით, 2013 წლის 1 ივლისს პრესკონფერენცია გამართა რესპუბლიკური პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ფაქტის დეტალურად გამოძიება მოითხოვა. როგორც პაპიაშვილის ადვოკატმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. რაც შეეხება გიორგი პაპიაშვილს, იგი სახლიდან გამოსვლას თავს არიდებს. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, სილურჯეები კვლავაც აღენიშნება, თუმცა შედარებით უკეთ გრძნობს თავს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე