ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტი ოზურგეთში
2013-08-17 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადასტურებს ქ.ოზურგეთში საქველმოქმედო ორგანიზაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” და პოლიტიკური პარტიის „ ქართული ოცნების” ერთობლივი აქციის ფაქტს,რომელიც ცალსახად შეიცავდა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.საიამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა შესაბამის ორგანოებს და მოსთხოვა მათ რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში.
2013-08-05 საერთაშორისო ორგანიზაციამ "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის" გურიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის 12 ეტლი ჩამოიტანა და ბენეფიციარებს საჩუქრად გადაეცა. ჟურნალისტებისთვის კომენტარი მაია კვეზერელმა (ორგანიზაციის წარმომადგენელი) "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისში გააკეთა. მან დაადასტურა, რომ ჩოხატაურშიც და ოზურგეთშიც, საჩუქრების დარიგებას პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ახორციელებს. ჩვენი შეფასებით ეტლების დარიგების ფაქტი რამდენადაც ხორციელდება "ქართულ ოცნებასთან" პარტნიორობით, ეს იქნება ფინანსური პარტნიორობა თუ უბრალოდ სიტყვიერი მხარდაჭერა ამ ორგანიზაციის პარტიისადმი, ეს თავისთავად იწვევს ამომრჩეველში ასოციაციას, რომ ამას აკეთებს პარტია. სწორედ ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს ეს ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად.
2013-08-04 „გურიანიუსის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია კვეზერელი ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევს „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ფონზე, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელთან ერთად . ჟურნალისტებთან საუბრის დროს კვეზერელმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებას“ დიდი წვლილი მიუძღვის ჰუმანიტარულ მისიის განხორციელებაში.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ქმედება, როგორი კეთილშობილური მიზნებითაც არ უნდა იყოს განპირობებული, შეიცავს აგიტაციის ნიშნებს რითაც ირღვევა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, საქველმოქმედო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ. ხოლო ამ მოთხოვნის დარღვევისათვის საარჩევნო კოდექსი სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.