გიორგი მარგველაშვილის კამპანია კასპში
2013-09-08 2013 წლის 7 სექტემბერს კოალიცია ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის - გიორგი მარგველაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში გაიმართა. საინფორმაციო სააგენტო ,,შიდა ქართლის“ მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრას საჯარო სკოლის პედაგოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. საჯარო სკოლებიდან პედაგოგების ტრანსპორტირებას ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები უზრუნველყოფდნენ. ამ პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, რომელიც კოალიცია ,,ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის შეკრებაში ეხმარებოდა.
,,სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილეობა საჯარო სკოლის პედაგოგებს არ ეკრძალებათ. მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო სკოლას აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, სკოლის პედაგოგები კი წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლებს და მათზე საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება.
მიუხედავად ამისა, უარყოფითად უნდა შეფასდეს სოფლის რწმუნებულთა მიერ სკოლის პედაგოგების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის საკითხი. მსგავსი ფაქტები იმ სამწუხარო პრაქტიკის გამეორებაა, რასაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა საქართველოში, როცა ხდებოდა მმართველი ძალების მიერ სკოლის პედაგოგების აქტიური ჩართვა წინასაარჩევნო პროცესებში. ვფიქრობთ, რომ ამგვარი პრაქტიკა უარყოფითად მოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე.