დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მერობის კანდიდატის წარდგენას ზუგდიდში
2014-04-12 2014 წლის წლის 12 აპრილს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა ქ. ზუგდიდში. გიგი უგულავამ ადგილობრივ მოსახლეობას ზუგდიდის მერობის კანდიდატი წარუდგინა. “სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა რამდენიმე მოქალაქის გამოჩენას, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების აქციას აპროტესტებდნენ. დაპირისპირება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს შეხვედრის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს.
გარდა აღნიშნული ფაქტისა, აქციის დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არ აძლევდა აქციაზე დასწრების საშუალებას, თუმცა ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან პოლიციელები აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ.
აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამეგრელოს ხმის“ მიერ ორგანიზებული კონტრაქციაც, თუმცა უშუალოდ ამ ფაქტს, მისი მშვიდობიანი ხასიათის გამო, წინასაარჩევნო შეხვედრის მიმდინარეობისთვის ხელი არ შეუშლია.