პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის დაპატიმრება ხონში
2014-02-10 2014 წლის 10 თებერვალს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ზურაბ ჯიბუხაია და მოადგილე ბესარიონ ჭელიძე დააკავა. საქმე ეხება 2010 წელს ხონის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოჭრილ ხე-ტყეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ზურაბ ჯიბუხაია თვითმმართველობის არჩევნებზე გამგებლის პოსტზე პარტიის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება გამორიცხავს მათ უშუალო და აქტიური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას წინასაარჩევნო კამპანიაში. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოჭრილი უკანონო ხე-ტყე გაჭირვებული მოსახლეობის ნაცვლად, დანაშაულებრივი სქემით ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ხის გადამამუშავებელ საამქროებს გადაეცა. ზემოაღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე დარიცხული 12 580,69 ლარის ღირებულების ქონება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7 -დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის, მე-12 ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურამ ვერ დაასაბუთა ვერც ერთი ზემოხსენებული საფრთხის არსებობის ფაქტი. ამის მიუხედავად, 12 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ზურაბ ჯიბუხაიას და ბესარიონ ჭელიძეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე