ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტი
2014-04-01 2014 წლის 1 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარეს - იასონ ჭუმბურიძეს ბრალი წაუყენეს. საქმე ეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ე.წ. „მთათა ცვენის“ გასამაგრებელი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით: "ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, იასონ ჭუმბურიძემ გულგრილად და არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც გამოიხატა იმაში, რომ არ შეამოწმა შესრულებული სამუშაოების ნამდვილობა და ხარისხი, რითაც ხელი შეუწყო უჩა ღვინჯილიას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და 423 465 ლარის მიითვისებას. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის“. სასამართლომ იასონ ჭუმბურიძე 10 000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 6 აპრილს გამართულ პროცესზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საკრებულოს თავმჯდომარეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება არ შეუჩერა. როგორც კოორდინატორთან საუბრისას, ბ-ნ იასონმა განაცხადა საკითხი, რაზეც ბრალს სდებენ საერთოდ არ შედიოდა მის კომპეტენციაში. აღნიშნულ საკითხზე გამოძიება ორი წელია მიმდინარეობს, ბრალი აქვთ წაყენებული ყოფილ გამგებელს და უჩა ღვინჯილიას, თავად კი მოწმის სახითაც კი არ ყოფილა არცერთხელ დაკითხული. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი პოლიტიკურია და არჩევნების მოახლოებას უკავშირდება, რადგან თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს მონაწილეობის მიღებას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე