აჭარის მთავრობის მიერ ტურისტული ბიზნესის პროექტის დაფინანსების ფაქტი
2014-05-07 2014 წლის 7 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და „ლიბერთი ბანკმა“ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც განხორციელდება მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობა აჭარის ტერიტორიაზე. პროგრამის ფარგლებში „ლიბერთი ბანკი“ ბენეფიციარებს შესთავაზებს სესხებს გადახდის სეზონური გრაფიკით. აღნიშნული სესხის საპროცენტო განაკვეთი 15% იქნება, აქედან 3%-ს გადაიხდის მოსარგებლე, დარჩენილ 12% სამი წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაიფარება, სამი წლის შემდეგ პროცენტის გადახდას მსესხებელი თავად უზრუნველყოფს. მსესხებელთა შერჩევა მოხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ. აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტში 6 მილიონია გამოყოფილი.
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ამომრჩევლების გარკვეული ნაწილი ფინანსური ხასიათის სარგებელს მიიღებს. ვინაიდან აღნიშნული შეთანხმება წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, ჩნდება ეჭვი ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო რესურსის გამოყენებისა მმართველი გუნდის სასარგებლოდ.