ქალაქ ბათუმის ბიუჯეტის ზრდის ფაქტი
2014-04-14 14 აპრილს თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა. დამატებული თანხებით ჯანდაცვის, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები დაფინანსდება. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 7 200 000 ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. 50 000 ლარამდე გაიზრდება დაფინანსება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები.
საქართველოს „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილის წესის თანახმად, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტების ინიცირება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოხდა.
„სამართლიანმა არჩევნები“ მიიჩნევს, რომ სხვადასხვა პროექტების დაწყება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შესაძლოა აღქმული იქნას, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და შეიცავდეს სახელმწიფო ბიუჯეტის პოლიტიკური მიზნით გამოყენების საფრთხეს. ვთვლით, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელება, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შეიძლებოდა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად, რაც აღარ წარმოშობდა ეჭვებს სახელმწიფო სახსრების წინასაარჩევნოდ გამოყენების შესახებ.