საჯარო მოხელეების მიერ სააღდგომო საჩუქრების გადაცემის ფაქტი ახმეტაში
2014-04-30 30 აპრილს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი - ბექა ბაიდაური, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი შტაბის თავმჯდომარე - მამუკა ხოლეგაშვილი, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად თუშეთში იმყოფებოდნენ მოსახლეობისთვის სააღდგომო კალათებისა და მედიკამენტების გადასაცემად.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და მისი თანხმლები პირები თუშეთში ვერტმფრენის საშუალებით გაფრინდნენ. ვერტმფრენი ავიაკომპანია ,,თუშეთს“ ეკუთვნის, რომელმაც მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და მას გამგეობისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება ეკისრება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი ესაუბრა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შესმსრულებელს - ბექა ბაიდაურს. მისი განცხადებით, სურსათისა და მედიკამენტების შეძენა სახელმწიფოს მიერ მოხდა, ამ ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან იყო თანხები გამოყოფილი, რათა პროდუქტები ვერტმფრენის საშუალებით თუშეთში ჩაეტანათ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით 2014 წლის 3 მაისს ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, რათა შესაბამისი ორგანოების მიერ მომხდარიყო მამუკა ხოლეგაშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტის შესწავლა.
მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის დადასტურების შემდგომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა ხოლეგაშვილი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.