წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტი რუსთავში
2014-04-24 24 აპრილს პარტია ,,საქართველოს გზის“ მერობის კანდიდატი, ლექსო კობაიძე და მისი პარტიის წარმომადგენლები ქ. რუსთავში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის განკუთვნილ უფასო სასადილოს ეწვიენ. შეხვედრას აშუქებდა ქვემო ქართლის ტელევიზიაც. პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენლმა, მამუკა ჩიქოვანმა დააფიქსირა, თუ როგორ გამოჩდნენ შეხვედრის დაწყებისთანავე რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე მოსულმა გაურკვეველმა ორმა მოქალაქემ კი პარტიის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა იმ მიზეზის გამო, რომ აღნიშნული შენობა კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და მესაკუთრის ნებართვის გარეშე წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების უფლებამოსილება კანდიდატებს არ უნდა მისცემოდათ. შეხვედრა კანდიდატებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა, რის გამოც პარტიის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ ტერიტორია დაეტოვებინათ. ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბარში მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ აღნიშნული შენობა სახელმწიფოს საკუთრებაშია და აქ წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარებისთვის სპეციალური ნებართვის არსებობა საჭირო არ არის. რუსთავის საკრებულოს 2010 წლიდან N198 დადგენილების თანახმად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავი ახორციელებს პროგრამას, რაც გულისხმობს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მინიმალური სურსათით უზრუნველყოფას, რისთვისაც შექმნილია უფასო სასადილოები. უშუალოდ კვების პროგრამას თვითმმართველობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანია ახორციელებს. ,,საქართველოს გზის“ მერობის კანდიდატს, სწორედ ერთ-ერთ ასეთ სასადილოში სურდა ბენეფიცარებთან შეხვედრა. აღნიშნული შენობა მდებარეობს ქ. რუსთავში და იგი სახელწიფოს ბალანსზეა. საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება აკრძალულია სამხედრო ნაწილების, სასამართლოებისა და აღმასრულებელი დაწესებულებების შენობებში. ,,სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, მერობის კანდიდატს აღნიშნულ დაწესებულებაში უნდა მისცემოდა შეხვედრის ჩატარების უფლებამოსილება, რადგან იგი არ მიკუთვნება ზემოთხსენებულ არც ერთ დაწესებულებას, სადაც შეხვედრის ჩატარება დაუშვებელია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე