გამგებლის გადაყენების ფაქტი ყვარლის მუნიციპალიტეტში
2014-04-25 25 აპრილს ყვარლის საკრებულოს დახურულ სხდომაზე გამგებელი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. მის გადაყენებას წინ უძღოდა 24 აპრილის ხმაურიანი სხდომა, სადაც დეპუტატების ნაწილი გამგებელს 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგების განხილვისას დაუპირისპირდა. დეპუტატთა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა საფინანსო სამსახურის დასკვნა, გამგებელმა კი საკრებულო საჯაროდ გააკრიტიკა მისი მუშაობისთვის ხელის შეშლაში. სხდომა კამათსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბრისას დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ მისი გადაყენების მიზეზი მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და საკრებულოს მხრიდან მისი დისკრედიტაციის მცდელობაა. გავრცელებული ინფორმაციით, ქევხიშვილს თანამდებობის დატოვება რამდენიმე თვის წინ გუბერნატორმა მოსთხოვა, თუმცა მან პოსტი არ დატოვა. შემდგომში დაპირსპირება საკრებულოსთან გაგრძელდა და საბოლოოდ, მისი უფლებამოსილების შეჩერებით დასრულდა.
საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას გამოწვეული დაპირისპირების გამო გამგებელი და მასთან მყოფი 17 პირი პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ გამგებელს 100 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, ხოლო დანარჩენი 17 პირი, რომელთაც ბრალი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ, 400-400 ლარით დაჯარიმდნენ.