შენობა-ნაგებობის არამართლზომიერად გამოყენება პრემიერ მინისტრის მიერ
2014-04-22 2014 წლის 22 აპრილს მთავრობის კანცელარიაში საარჩევნო ბლოკი ,,ქართული ოცნების“ წევრები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატთა, ასევე პარტიული სიის ფორმირების საკითხი იქნა განხილული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა საჩივრით მიმართეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ,,არასაპარლამენტო ოპოზიის“ საჩივრის საფუძველზე 2014 წლის 16 მაისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის - მაია ცქიტიშვილის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის“ 81-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, საარჩევნო კამპანიის ჩატარება კანონით აკრძალულ დაწესებულებებში გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება აკრძალულია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში. აღნიშნული ოქმი გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც 30 მაისს მთავრობის კანცელარია 1000 ლარის ოდენობით დააჯარიმა. მიგვაჩნია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე შესაბამისი სანქციის დაკისრება პოზიტიური პრეცენდენტია და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას უსვამს ხაზს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ცესკოს მხრიდან ჯარიმის ადრესატი არასწორად იყო განსაზღვრული. ვინაიდან პოლიტსაბჭოს წევრები უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან იყვნენ მიწვეულნი შეხვედრაზე, სავარაუდოდ, სწორედ მისი ნებართვით მოხდებოდა მთავრობის კანცელარიის შენობის გამოყენება წინასაარჩევნო მიზნებისთვის. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთავრობის კანცელარიას, როგორც მთავრობის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი უწევს, ხოლო რაც შეეხება კანცელარიის უფროსს იგი პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებული პირია. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები დარღვეულ იქნა უშუალოდ პრემიერ-მინისტრის მიერ და ცესკოს, სწორედ მის მიმართ უნდა შეედგინა სამართალდარღვევათა ოქმი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე