სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ფიზიკური ძალადობა ნაციონალური მოძრაობის წევრზე
2014-05-27 27 მაისს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიტერატურულ კაფეში ნოდარ ლადარიასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათ თავს მოქალაქეები - გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი დაესხნენ. ლადარიას ცხელი ჩაი სახეში შეასხეს, ხოლო ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში მიაყენეს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირების მოტივი მისი, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიტიკური საქმიანობა იყო. აღნიშნულ ინციდენტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. რეზო თაბუკაშვილს პოლიციამ აღმკვეთ ღონისძიებად 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა გამოძიება გრძელდება და სასამართლო 2014 წლის 14 ივნისსაა დანიშნული. რაც შეეხება გიორგი მგელაძეს, გამოძიების ფარგლებში ის მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა. ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ დაპირისპირების მიზეზი პირის პოლიტიკური შეხედულებები ხდება. სამართლიანი და დაცული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ დაიცვას წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ყველა პირის უსაფრთხოება. საყურადღებოა ისიც, რომ ჯერ კიდევ გაუხსნელია 31 მარტის შემთხვევა, როდესაც დაუდგენელმა პირებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს, პარლამენტის წევრს - ნუგზარ წიკლაურს. აღნიშნულ შემთხვევაშიც დაზარალებული თავდასხმის მოტივად მის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს. ამგვარ ფაქტებზე გამოძიების გაჭიანურება ხელს არ უწყობს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების პრევენციას


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე