თბილისის ყოფილი მერის დაკავების ფაქტი
2014-07-03 2014 წლის 3 ივლისს თბილისის ყოფილი მერი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - გიგი უგულავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მისი დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული, რადგან არსებობდა ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. გიგი უგულავას ბრალი ედება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი უდენობით შემოსავლების ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ორგანიზებისთვის. ასევე, მარნეულის საარჩევნო კომისიის მიმართ 2014 წლის 5 ივნისს განხორციელებული იძულებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რომელიც მიმართული იყო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შეფერხებისთვის. 2014 წლის 4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
,,სამართლიანი არჩევნები“ უარყოფითად აფასებს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად აქტიური პირის დაპატიმრების ფაქტს. ჯერ კიდევ 2014 წლის 14 აპრილს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის თანახმად, ხელისუფლებამ გამოხატა პოლიტიკური ნება იმ პირთა მიმართ, ვინც უშუალოდ ჩართულნი იყვნენ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიაში და გამოაცხადა მორატორიუმი, რათა არ მომხდარიყო მათი დაკავება საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა ან იქმნდება საპროცესო ვადების დარღვევის საფრთხე. მორატორიუმის პირობების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაასაბუთონ, ნამდვილად არსებობდა თუ არა პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავას დაკავებამდე 1 დღით ადრე, 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიგი უგულავას მიმართ პასპორტისა და პირადობის მოწმობის გამომძიებლისათვის ჩაბარების ვალდებულების დაკისრების თაობაზე, რადგან წარმოდგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ არ მიიჩნია აუცილებლად გიგი უგულავასთვის საზღვარგარეთ გადაადგილების შეზღუდვა.