დეპუტატის უკანონოდ დაკავების ფაქტი
2014-07-04 2014 წლის 4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბრალდებულის მხარდამჭერებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის. ჩხუბის დროს დააკავეს თბილისის ყოფილი მერი კონსტანტინე გაბაშვილი, ,,თავისუფალი ზონის“ აქტივისტები - გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ასევე პარლამენტის წევრი - ლევან ბეჟაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულებს დაეკისრათ 100 ლარიანი ჯარიმის გადახდა, გარდა პარლამენტის წევრის - ლევან ბეჟაშვილისა, რომლის მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. მიგვაჩნია, რომ პარლამენტის წევრის დაკავებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია სისხლის სამართლის დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. აღნიშნულ შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს პარლამენტისთვის არ უცნობებიათ პარლამენტის წევრის დაკავების შესახებ, შესაბამისად ლევან ბეჟაშვილი 3 საათის განმავლობაში კონსტიტუციისა და საპროცესო ნორმების დარღვევით იყო დაკავებული.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე