"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრის ჩაშლის მცდელობა ბათუმში
2014-06-07 2014 წლის 7 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და გიგა ბოკერია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრაზე ყოფილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო კრების“ წარმომადგენელი - დავით ლორია და პოლიტპატიმარი - ჯემალ დუაძე მივიდნენ. მათი განცხადებით, სურდათ პასუხები მიეღოთ პარტიის ლიდერებისგან მათი მმართველობის პერიოდში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დამსწრე პირებმა დუაძეს და ლორიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რაც მხარეებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაზიანდა ჟურნალისტების აპარატურაც.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და მოქალაქეებს შორის დაპრისპირების შემდგომ პარტიის წარმომადგენლებმა ამომრჩეველთან შეხვედრა გააგრძელეს.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია მხოლოდ ცემის ფაქტზე და არა წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაზე. თავად ინციდენტის დროს, პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, შეხვედრის ადგილას სამართალდამცავები არ გამოჩენილან.
მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საქმის აღძვრა სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე არასწორია, ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიის უკანონოდ ხელშეშლას, რაც ამავე კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.