ზეწოლა-მუქარა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის მიზნით ჩოხატაურში
2014-05-31 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. გუთურში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატის - ლია ჩიგოგიძის განცხადებით კოალიცია ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორი - ლაშა თოლორდავა და კოალიციის აქტივისტები მასთან დაკავშირებულ პირებზე ზეწოლას ახორციელებენ.
როგორც ლია ჩიგოგიძემ „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს განუცხადა, ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორი და აქტივისტები უშუალოდ მივიდნენ მის შტაბში და სახლის მეპატრონეს, რომელიც სოციალურად დაუცველია, დაემუქრნენ სოციალური დახმარების მოხსნით იმ შემთხვევაში, თუ ის უარს არ იტყოდა ლია ჩიგოგიძისთვის ოფისის მიქირავებაზე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ესაუბრა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელს - გელა ლომინეიშვილს და ჩოხატაურის გამგებლობის კანდიდატს - ირაკლი კუჭავას, თუმცა ისინი ზეწოლის ფაქტს უარყოფენ. რაც შეეხება სახლის მეპატრონეს, იგი კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს.