პოლიტიკური ნიშნით განცხორციელებული ზეწოლა
2018-11-18 18 ნოემბერს, ახალქალაქის ცენტრში გაიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მინისტრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების აქცია-შეხვედრა მოსახლეობასთან სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად.
17 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის მიერ ახალქალაქის პედაგოგებთან საუბრისას გამოიკვეთა რომ სკოლის დირექტორებმა გააკეთეს წინასწარ სიები და იმ პედაგოგებს მოაწერინეს ხელი, ვინც დაესწრებოდა 18 ნოემბერს შეხვედრას, ხოლო თუ არ დაესწრებოდნენ, შეექმნებოდათ პრობლემები სამსახურში. გარდა ამისა, ახალქალაქის რესურსცენტრის უფროსმა თერეზა ჩივჩიანმა დირექტორებს მისცა დავალება, რომ ფოტო გადაეღოთ ამ შეხვედრაზე.
თერეზა ჩივჩიანმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას დავალების გაცემა უარყო და განაცხადა, რომ შეხვედრა იმართება არასამუშაო დღეს და მას არ აქვს უფლება სკოლების თანამშრომლებს რამე დაავალდებულოს და თან დასძინა რომ, იშვიათად ტარდება ახალქალაქში კონცერტი და მოსახლეობა სიხარულით მივა ამ კონცერტზე.