დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლა
2018-11-17 17 ნოემბერს, ლანჩხუთში, ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა: პაატა ბურჭულაძემ, ნიკა მაჭუტაძემ და ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან კახაბერ ასკურავასთან და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტებთან ერთად მხარდამჭერებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა, რომელსაც დაახლოებით 200-მდე ამომრჩეველი ესწრებოდა, 12 საათის ნაცვლად 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე, დარბაზში მონიტორინგის მიზნით მყოფი „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომელსაც ორი დღით ადრე აცნობეს ბურჭულაძის რაიონში სტუმრობის ვიზიტის, მოსახლეობასთან მისი შეხვედრის თარიღისა და დროის შესახებ, იქვე მყოფ ენმ-ს წარმომადგენელს გივი ცინცაძეს შეხვედრის დაგვიანების მიზეზზე ესაუბრა.
12 საათსა და 50 წუთზე სარიტუალო დარბაზის შენობის შესასვლელში პაატა ბურჭულაძე ერთ-ერთი სამაუწყებლო ტელევიზიის ჟურნალისტმა ინტერვიუს ჩაწერის მიზნით შეაყოვნა და რამოდენიმე კითხვითაც მიმართა, რამაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის უკმაყოფილება გამოიწვია. ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მხრიდან მედიიის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებსაც ჰქონდა ადგილი: „თქვენი ნარკომანი ხელმძღვანელი“, „თქვენ არა ხართ ტელევიზია“, „ესენი ჩვენთან არ უნდა შემოვიდნენ“ - ამბობდა ასკურავა, რომელმაც შენობაში შესვლის და შეხვედრაზე დასწრების უფლება მედიასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს - „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელსაც არ მისცა, რის შემდეგაც შეხვედრა დახურულად გამოაცხადეს და კარი ჩაკეტეს.