სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/წასვლის იძულება
2021-08-30
გორის მერმა სამსახურიდან
სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე, ოლეგ ხუბულური. გათავისუფლების ოფიციალურ საფუძვლად დისციპლინური გადაცდომა დასახელდა. ხუბულურის თქმით, მას მანამდე მოსთხოვეს განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა, ხოლო უარის თქმის შემდეგ აუდიტის სამსახურმა მის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო. სიტუაცია გამწვავდა ხუბულურის მიერ „TV პირველის" ეთერში გაკეთებული კომენტარის შემდეგ, სადაც იგი ამბობდა, რომ განცხადების დაწერას და სამსახურიდან წასვლას სთხოვდნენ, რადგან ღიად უჭერდა მხარს გიორგი გახარიას გუნდს.
მერის ბრძანების მიხედვით, შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურმა ჩაატარა მოკვლევა და აღმოაჩინა, რომ ოლეგ ხუბულური სამსახურში არ იყო. გორის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურმა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა სამსახურში დასწრების აღრიცხვა მერის დავალების საფუძველზე განახორციელა. ოლეგ ხუბულური აღნიშნავს, რომ აუდიტის სამსახურმა მოკვლევა ზემოხსენებული სატელევიზიო კომენტარის შემდეგ დაიწყო. „სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ხუბულურის გათავისუფლებას წინ უძღოდა ინსპექტირება ზედიზედ სამი დღის განმავლობაში.
ხუბულურის გათავისუფლების ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მერიის სამსახურებმა და თავად მერმა სატელევიზიო განცხადება მიიჩნიეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის რეპუტაციისათვის მნიშვნელოვნად დამაზიანებლად, რადგან გავრცელდა საქართველოს მასშტაბით და შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობის დიდი ნაწილი. მუნიციპალიტეტის შეფასებით, ქმედება ხელყოფდა საჯარო ინტერესებს და ჩაითვალა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად.
გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი არ უარყოფს, რომ ოლეგ ხუბულურის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი „TV პირველთან" გაკეთებული „ტყუილი განცხადება" იყო. მან, ასევე, დაადასტურა, რომ ხუბულურს სთხოვა გამოსულიყო ეთერში და ბოდიში მოეხადა ან ტელეკომპანიას ეთქვა, რომ შეეშალა.