სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები
2021-08-30
19 ივლისს, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის პირად Facebook გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი და ფოტოები, რომლის მიხედვითაც, ჩოხატაურში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს სასურსათო პროდუქტები გადაეცათ. სასაჩუქრე პაკეტების გადაცემაში მონაწილეობდა „ქართულო ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მერობის კანდიდატი, დავით შარაშიძე.

„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში დაუდასტურეს, რომ ბიუროს თანამშრომლებმა, „ქართული ოცნების" ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, დავით შარაშიძესთან ერთად, სასურსათო პროდუქტები სოციალურად დაუცველ და სხვა საჭიროებების მქონე ოჯახებს გადასცეს. ბიუროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სასურსათო პროდუქტების შეძენისთვის განკუთვნილი თანხა პირადი სახსრებით დააფინანსა ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ. მისივე თქმით, ჩიგოგიძე პირადი სახსრებით ეხმარება თითქმის ყველა შეჭირვებულ მოქალაქეს, რომელიც საჭიროებს და მიმართავს მას დახმარებისათვის. მისი ინფორმაციით, საკრებულოს მაჟორიტარები და სოფლებში მერის წარმომადგენლები დეპუტატის ბიუროს აწვდიან იმ მოქალაქეთა სიას, ვისაც დახმარება სჭირდება. ყოველ თვეში, მაჟორიტარი დეპუტატის პირადი სახსრებით, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო გადასცემს სასაჩუქრე კალათას შეჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

იმის გასარკვევად თუ რატომ მონაწილეობდა ჩოხატაურის „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძის დაფინანსებულ სასაჩუქრე კალათების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემაში, „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა დავით შარაშიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

აღსანიშნავია, რომ 30 ივლისს დავით შარაშიძე „ქართულმა ოცნებამ" ჩოხატაურში მერობის კანდიდატად წარადგინა.



ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე