19 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში, „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ძალადობრივი ინციდენტი დაფიქსირდა. შეხვედრას პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, ანა წითლიძე, პარტიის სხვა წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ატარებდა. ამ დროს „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" აქტივისტმა, თეონა ქარდავამ, ანა წითლიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ მას ხელი ჩაარტყა თავისა და ზურგის არეში. აღნიშნულ ფაქტს ასევე ადასტურებენ თვითმხილველებიც. ეს სიტუაცია მმართველი პარტიისა და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის ჯგუფურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის შედეგად, სხეულის დაზიანების გამო, ოპოზიციური პარტიის წევრი, ბექა ფაცაცია, ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე დაიწყო, რაც ძალადობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს. ანა წითლიძემ ასევე საჯაროდ გამოაქვეყნა ინციდენტში მონაწილეთა სია, რომელთა შორის არიან შოთა ბაჯალაძე - შსს-ის გენინსპექციის თანამშრომელი, გოგა მოსია - ა(ა)იპ „ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის” დირექტორის მოადგილე და სხვა საჯარო მოსამსახურეები. ინციდენტის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დელეგატობის კანდიდატი, დათო კოდუა. მომდევნო დღეს კოდუამ მმართველი პარტიის ოფისში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგიც გამართა. კოდუას განაცხადებით, დევნილთა დასახლებაში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ადგილი ჰქონდა ვანდალურ ფაქტს და ამ პარტიის მხრიდან 2012 წელს არსებული მეთოდებით ხდება ძალადობა ადგილობრივ მოსახლეობაზე და მმართველი პარტიის წინასარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა;