2024-09-04
4 სექტემბერს თბილისის საკრებულოში პოლიტიკური პარტია ,,ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის" წევრები, ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე ადმინისტრაციული წესით
დააკავეს. ეძგვერაძე ამავე დროს პარტიის გლდანის რაიონული შტაბის ხელმძღვანელიცაა.
თვითმხილველების განცხადებით, სამართალდამცავები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და
მათ ნაწილს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა. პარტიის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები
დაკავებას ეძგვერაძის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებენ. ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ,
„სამართლიან არჩევნებთან" საუბრისას განაცხადა, რომ დაკავებულს აღენიშნებოდა ფიზიკური
ძალადობის კვალი და საქმეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და სახალხო დამცველის
ჩართვას მოითხოვდა;
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო
მოქმედებებს ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ. 4 სექტემბერს, მოგვიანებით ირაკლი ნადირაძე
გაათავისუფლეს, ირაკლი ეძგვერაძე კი საპატიმრო დაწესებულებაში 6 სექტემბერამდე დარჩა. მან
განაცხადა, რომ ამოიცნო პოლიციელი, რომელიც მასზე ძალადობდა და იმედოვნებს, რომ
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეს აღძრავს მის წინააღმდეგ.