'ქართული ოცნების" წევრის, ვანო ნაცარაშვილის დაცვის სამსახურიდან გათავისუფლება გურჯაანში
2012-08-13 2012 წლის 30 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი ვანო ნაცარაშვილი გურჯაანში დაცვის სამსახურიდან გათავისუფლდა. იგი „United security“– დაცვის სამსახურში 2012 წლის აპრილიდან მუშაობდა და გურჯაანის სამედიცინო ცენტრში იყო განაწილებული. ვანო ნაცარაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე მასთან უშიშროების და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვით დაემუქრნენ.
საგულისხმოა ნაცარაშვილთან ერთად სამსახურიდან სხვა ორი თანამშრომელიც გაათავისუფლეს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ორივე აღდგენილ იქნა იმავე პოზიციაზე.
ნაცარაშვილს შრომითი ხელშეკრულების საკუთარი პირი არ აქვს, თუმცა ის აცხადებს, რომ შრომითი ხელშეკრულება მასთან 2012 წლის აპრილის თვეში დაიდო.
2012 წლის 7 ივნისს ვანო ნაცარაშვილმა გათავისუფლების ბრძანების ასლი მოითხოვა, რაზეც „United security“-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ბიბილაშვილმა 13 ივნისს დაუბრუნა პასუხი, რომლის თანახმად ვანო ნაცარაშვილი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის საფუძველზე, შტატების შემცირების გამო იქნა გათავისუფლებული.