ფოთის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომელ მანუჩარ ქუჩულორიაზე განხორციელებული ზეწოლა და სამსახურიდან გათავისუფლება
2012-09-10 „სამართლიანი არჩევნები" დაუკავშრდა ბ–ნ მანუჩარ ქუჩულორიას აღნიშნული ფაქტის შესასწავლად. გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბარში მან განაცხადა, რომ 2012 წლის მარტში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ზაალ ღურწკაიას მხრიდან დაიწყო მასზე ზეწოლა. დაკითხვებს სისტემატიური ხასიათი მიეცა და დღეში სამჯერ იბარებდნენ სანაპირო დაცვის გამომძიებელი ვანო ქარჩხვაძე და ბაქარ ბაბუხადია. ისინი მანუჩარ ქუჩულორიას სთავაზობდნენ, რომ მამამისი კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებისათვის ჩამოეშორებინა და გადასულიყო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, ან კოალიციის რიგებში დარჩენილიყო და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ „გამოეტანა ინფორმაცია“.
სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ დაუყადაღეს ანგარიში „საქართველოს ბანკის“ ფოთის ფილიალში. ანგარიში ასევე დაუყადაღდა მამამისს.
მანუჩარ ქუჩულორიამ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად მასზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება. საქმიანობას კოალიცია „ქართული ოცნების“ წალენჯიხის შტაბში აგრძელებს და აპირებს პრესკონფერენციის გამართვას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
2012-08-13 მე, მანუჩარ ქუჩულორია, 8 წელი ვმსახურობდი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში. ბოლო თვეებია ჩემზე ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა. მამაჩემი, ვახტანგ ქუჩულორია არის "ეროვნული ფორუმის" წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი. დაახლოებით 2 თვის წინ დამიბარეს წალენჯიხის კუდ-ში. მალხაზ ღურცკაია – კუდ-ის უფროსი დაჟინებით მოითხოვდა, მამაჩემი დემონსტრაციულად გადასულიყო ნაციონალურ მოძრაობაში. ამის შემდეგ ფოთის სანაპირო დაცვის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ბექა ბაბუხარდიამ დაიწყო ჩემზე ზეწოლა და დამემუქრა გათავისუფლებით. 2 დღიანი ვადის შემდეგ კვლავ უარით ვუპასუხე. მომთხოვა პატაკის დაწერა და ჩემი ნებით სამსახურიდან წასვლა, რაზედაც ვითხოვე, რომ სამსახურიდან თავად გავეთავისუფლებინე. დამემუქრა შენს მეჯვარეს (რომელიც ამავე სამსახურში მუშაობს) გავათავისუფლებ, დავიჭერ და სადაც გინდა იქ მიჩივლეო. 29 ივლისს, ღამით დავწერე პატაკი და იძულებით წამოვედი სამსახურიდან. დამიყადაღეს საბანკო ანგარიშები და საკუთარი ანგარიშიდან საბანკო კრედიტსაც ვეღარ ვფარავ.