გამგებლის ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტში
2013-03-22 8 ოქტომბერს პირადი მიზეზების გამო, გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა გამგებელმა ვახტანგ მაისურაძემ. მოგვიანებით, პოლიტიკური რეალობის ცვლილებიდან გამომდინარე, გადადგა გამგებლის ორი მოადგილე გრიგოლ ჯვარიძე და ფირან გოგიჩაშვილი.
25 ოქტომბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად საკრებულოს წევრი „რესპუბლიკური პარტიიდან“ - დავით კამკამიძე აირჩიეს. არჩევნებამდე კამკამიძე კოალიცია ”ქართული ოცნების” ბორჯომის შტაბს ხელმძღვანელობდა.
თებერვლის ბოლოს გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. 15 მარტს გაიმართა გამგებლის საკონკურსო კომისიის სხდომა. დარეგისტრირებული 46 მსურველიდან კომისიამ შეარჩია 14 კანდიდატი. 15 მარტს გასაუბრებაზე კი მხოლოდ ექვსი მათგანი გამოცხადდა. რეგისტრაციის დროს სხდომა ღია იყო, ხოლო შემდეგ დაიხურა და არავინ არ დაუშვეს კომისიის წევრების გარდა. ორმა პირმა კანდიდატურა მოხსნა, შესაბამისად, კომისია გაესაუბრა დანრჩენილ კანდიდატებს, რომელთაგან ორი „ქართული ოცნების“ წევრი, ერთი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი „რესპუბლიკური“ პარტიიდან და ერთი უპარტიო იყო.
22 მარტს გაიმართა საკრებულოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდა 17 დეპუტატი. სხდომაზე 16 ხმით ერთის წინააღმდეგ გამგებლად არჩეულ იქნა დიმიტრი ბერიძე, რომელიც არის „ქართული ოცნების“ კანდიდატი და რომელსაც საკონკურსო კომისიის შეფასებით ყველა მონაწილეზე მეტი ქულა ჰქონდა.