საპროტესტო აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით წალკაში
2012-11-13 13 ნოემბერს წალკის მუნიციპალიტეტის შენობასთან გამგებლის გადადგომის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. მათ შენობის შესასვლელი ბლოკირებული ჰქონდათ. გამგებლის, მიხეილ ცქიტიშვილის, გადადგომასთან ერთად აქციის მონაწილეები ითხოვდნენ გამგეობის აპარატის ყველა თანამშრომლის გადადგომას. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, შენობაში შეიჭრა. მას სხვა აქტივისტებიც მიჰყვნენ, თუმცა შენობა მალევე დატოვეს. აქციის მონაწილეებს შეუერთდა ამირან საგინაძე, რომელმაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა. ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადება ზურაბ იაკობიძემ და მიხეილ ჯაყელმაც შეიტანეს. გამგებლის გადაყენების მოთხოვნით წალკაში აქცია თითქმის ერთ კვირას გაგრძელდა.