საკადრო ცვლილებები მარნეულის მუნიციპალიტეტში
2013-05-31 აპრილში გათავისუფლდა რწმუმებული და 5 ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი. ოფიციალურ მიზეზად პირადი სურვილი დასახელდა, თუმცა რეალურად მათ მოსთხოვეს განცხადებების დაწერა. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დანიშნული ყველა ახალი თანამშრომელი დროებით მოვალეობის შემსრულებლად არის დანიშნული. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება იგეგმება.
მაისში გათავისუფლდა 2 ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი სამსახურეობრივი მოვალეობის უხეშად დარღვევისა და სამსახურის თვითნებურად მიტოვების გამო.
2013-02-28 მარნეულის მუნიციპალიტეტიდან საკუთარი სურვილით გათავისუფლდა 9 პირი. გათავისუფლებულია 6 სოფლის რწმუნებულიც. ყველა მათგანი პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე. გათავისუფლებული პირები ჩაანაცვლეს კონკურსის წესით, მაგრამ ყველა „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან.
თებერვალში დამატებით გათავისუფლდა გამგეობის ორი თანამშრომელი, 6 სოფლის რწმუნებული და 10 რწმუნებულის სპეციალისტი, ყველა მათგანი პირადი განცხადების საფუძველზე.
2013-02-28 2013 წლის 10 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 13 ადამიანი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალმა გამგებლმა პაატა აბრამიშვილმა, 2013 წლის 17 იანვრის # 07 ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლა მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის “თ” და “ო” ქვეპუნქტების 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ გ” ქვეპუნქტის , საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის, “საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 93-ე, 95-ე, 110-ე მუხლების საფუძველზე , მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ , 2013 წლის 17 იანვრის #6 ბრძანებით გათავისუფლდა მერაბ სიხარულიძე- მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, გიორგი ალთუნაშვილი- მთავარი სპეციალისტი.
საიას წარმომადგელებმა საჯარო ინფორმაციით გამოითხოვეს მარნეულის მუნიციპალიტეტში შექმნილი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ ბრძანება, თუმცა მუნიციპალიტეტის მიერ ეს ინფორმაცია მოწოდებულ არ იქნა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით კონკურსის წესით დაინიშნა 7 ადამიანი.