საპროტესტო აქციები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
2013-02-28 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქციები გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობას მოჰყვა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა გამგებლის შესარჩევი კონკურსის შეწყვეტა იყო. გამგებლის პოსტზე თავიანთი კანდიდატურები ჰყავდათ „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალ პარტიებს და უთანხმოება ერთმანეთთან წარმოეშვათ. 2 დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა. საჯარო მოხელეებს საშუალება არ ჰქონდათ განეხორციელებინათ უფლებამოსილებები.
აღნიშნულ ფაქტზე პოლიციას რეაგირება არ ჰქონია და არც უცდია აღეკვეთა უკანონობა. აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები სხვადასხვა მოთხოვნით ლანჩხუთის გამგეობის წინ მუდმივად იმართებოდა. აქცია 28 თებერვლის მდგომარეობითაც გრძელდებოდა საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.