საპროტესტო აქციები გარდაბანში
2013-04-05 5 აპრილს გამგეობასთან სოფელ ვახტანგისის მოსახლეობამ აქცია გამართა. სოფლის მოსახლეობა რწმუნებულის, მარინა ირემაშვილის მხარდასაჭერად იყო შეკრებილი. მათი განცხადებით, გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხუციშვილი ვახტანგისის რწმუნებულისგან განცხადების დაწერას და სამსახურიდან წასვლას მოითხოვს. რწმუნებულის განცხადებით, გამგებელმა მას არაერთხელ მოსთხოვა განცხადების დაწერა, რაზეც უარი მიიღო. აქციის მონაწილეებს თავად გელა ხუციშვილი შეხვდა, რომელმაც უარყო მოსახლეობის ბრალდებები.
2013-03-18 18 მარტს გარდაბნის გამგეობასთან კვლავ გაიმართა საპროტესტო აქცია გამგებლის შეცვლის და სოფელ ლემშვენიერას სათიბი მიწების პრობლემის მოგვარების მოთხოვნით. აქცია ორგანიზებული იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ და ესწრებოდა გარდაბნის სოფლების(ნაგები, ლემშვენიერა, ჯანდარა, კაპანახჩი)მოსახლეობა, დაახლოებით 200 კაცამდე. აქციის მონაწილეებმა მოახდინეს გამგეობის შესასვლელის ბლოკირება და არავის უშვებდნენ გამგეობაში, რის შემდეგაც დაიძაბა სიტუაცია პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. პოლიცია ჩადგა გამგეობის შენობის შესასვლელში. მონაწილეები მოითხოვდნენ გამგებლის ზვიად ეპიტაშვილის გადაყენებას. მის ნაცვლად კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გელა ხუციშვილის დანიშვნას.
2013-02-27 27 თებერვალს გარდაბნის გამგეობის წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას ესწრებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლიდან ჩასული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, დაახლოებით 250 ადამიანი. „ქართული ოცნების“ წევრმა ამირან ტოტიკაშვილმა, განაცხადა რომ, სურს გარდაბნის გამგებლობა და გარდაბანში ყველა მაღალ თანამდებობებზე კოალიცის წევრები უნდა დაინიშნონ. „ქართული ოცნების“ წევრ გელა ხუციშვილის მისვლამ აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება გამოიწვია. მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ. აღნიშნულმა აქციის მონაწილენი გააღიზიანა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე