ფოთის მერიის თანამშრომლის დაკავება
2013-03-13 13 მარტს სამსახურებრივი გულგრილობის და დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პასუხისგებაში მისცეს ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის უფროსი - დავით კომახიძე, მისი მოადგილე - კონსტანტინე ადამია, განყოფილების უფროსი გიზო ხურცია, სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ჯუნა სიჭინავა და ასევე, შპს "ინფრასტრუქტურა 2008"-ს დირექტორი ირაკლი დონდუა.
გამოძიების თანახმად, ფოთის სანიაღვრე არხების მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ ტენდერებში ერთპიროვნულად იმარჯვებდა მერიის მიერ დაფუძნებული შპს "ინფრასტრუქტურა 2008." სამუშაოების ჩასატარებლად შპს-ს ჩაერიცხა 1 395 927 ლარი. მიუხედავად ამისა, ტენდერის პირობებით გათვალისწინებული სამუშაოები საწარმომ უხარისხოდ და არასრულყოფილად შეასრულა, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოები დოკუმენტაციაში შესრულებულად დააფიქსირა. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების 2-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.