ზეწოლა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე ფოთში
2013-09-18 ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიის წევრებზე ადგილის აქვს ზეწოლას პროკურატურის მხრიდან. 2013 წლის 28 აგვისტოს მალთაყვის #5 უბნის კოორდინატორი - ნუგზარ გოგუა, #7 უბნის კოორდინატორი - გრიგოლ ღვანია და #34 უბნის კოორდინატორი - ლუიზა ჯოლოხავა პროკურატურაში, მოწმის სახით, დაკითხვაზე დაიბარეს.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ვახტანგ დარსმელიძის განცხადებით, პარტიის წევრებისთვის არ განუმარტავთ დაკითხვაზე დაბარების მიზეზი. „სამართლიან არჩევნებთან“ საუბრისას კოორდინატორები აცხადებენ, რომ მათ ძირითადად პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები. კონკრეტულად, პროკურატურა დაინტერესდა კოორდინატორთა რაოდენობით, მათი ანაზღაურებითა და მუშაობის სპეციფიკით. აღნიშნულ ფაქტებს პარტიის წევრები ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებენ.
„სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს პროკურატურის ორგანოებს უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც სწორედ აღნიშნული სახის ფაქტებზე რეაგირების მიზნით შემუშავდა და რომელთა თანახმადაც სასურველია კენჭისყრის დღემდე თავი შეიკავონ საგამოძოებო მოქმედებების ფარგლებში განსახორციელებლი დაკითხვებისაგან.