აგიტაციის წესების დარღვევის შესაძლო ფაქტი ოზურგეთში
2014-05-23 2014 წლის 16 მაისს, დაახლოებით დღის 12 საათზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონულ ოფისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნატანების რწმუნებული ამირან ბაქანიძე ეწვია. აღნიშნულ ინფორმაციას თანდართული ფოტომასალით საინფორმაციო პორტალი „გურია ნიუსი“ ავრცელებს . ბაქანიძე „გურია ნიუსის“ ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს , რომ „ქართული ოცნების“ ოფისში ძმის მოსანახულებლად მივიდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის წარმომადგენლებმა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაცნობისას დაადგინეს, რომ ამირან ბაქანიძე „ქართული ოცნების“ ოფისში სტუმრობისას შვებულებით არ სარგებლობდა. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტიის წარმომადგენლობებში ყოფნა აგიტაციას წარმოადგენს, რაც საჯარო მოხელეს ნაწილობრივ ეკრძალება. საიამ აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.