საჯარო მოხელეთა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტი ქუთაისში
2014-06-03 2014 წლის 28 აპრილს, ქუთაისის თვითმმართველობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, ქუთაისის მერის მოადგილემ ნოდარ მიქიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კირკიტაძემ 14-15 წლის წყალბურთელებს სპორტული დანიშნულების ფასიანი საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები ახალგაზრდა წყალბურთელებისთვის კომპანია „მაკნატუნამ“ შეიძინა. აღნიშნულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და კომპანია „მაკნატუნას“ 25% წილის მფლობელი გრიგოლ გუმბერიძე. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით ქუთაისის მერიის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსდა. საჯარო მოხელეთა სამუშაო საათებში მონაწილეობა წინასაარჩევნო შეხვედრაში და ინფორმაციის ვებ - გვერდზე განთავსება ცალსახად წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას, რაც საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულია და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს.