ფიზიკური დაპირისპირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით
2018-10-30 30 ოქტომბერს ახალქალაქის მაჟორიტარის ენზელ მკოიანის ნათესავები და მისი მხარდამჭერები თავს დაესხნენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრებს, თავდასხმის შედეგად გაერთიანებული ოპოზიციის 4 წევრი სხვადასხვა დაზიანებით ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ენზელ მკოიანის შვილი, ძმა და ძმისშვილები 30-მდე ადამიანთან ერთად შევარდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში და ცემეს მელიქ რაისიანი, მისი შვილი - აშოტ რაისიანი და გაერთიანებული ოპოზიციის სამი სხვა წევრი. აშოტ რაისიანის თქმით, მას ურტყეს თოფის კონდახი, მისივე თქმით, მკოიანის ხალხი შეიარაღებული იყო ხელკეტებითა და ჯოხებით. გაერთიანებული ოპოზიციის წევრების ინფორმაციით ენზელ მკოიანი ავტომანქანიდან არ გადმოსულა. ის თავის შვილთან და „ქართული ოცნების“ წევრებთან, შვილის მეგობრებთან ერთად სოფელი ხოსპიოს გზაზე დახვდა ენმ-ის წევრს, მიხეილ აღაბაბიანს, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. აშოტ რაისიანის ინფორმაციით ადგილზე იმყოფებოდა ენზელ მკოიანის ძმა, მარტუნ მკოიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.
მარტუნ მკოიანმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ რეალურად კონფლიქტი დაიწყო შუაღამეს 02:30 საათზე, როდესაც მელიქ რაისიანის უმცროსი შვილი მიხეილ აღაბაბიანთან და სხვა მეგობრებთან ერთად ენზელ მკოიანის ბენზინ-გასამართ სადგურზე შევარდა, დაიწყო ჩხუბი და ჩამოგლიჯეს სალომე ზურაბიშვილის პლაკატები. ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლების ინფორმაციით, რაისიანის შვილი იმუქრებოდა, რომ თუ 2 დეკემბერს „5“ ნომერს არ შემოხაზავდნენ, ბენზინგასამართ სადგურებს ააფეთქებდა. მარტუნ მკოიანის ინფორმაციით ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრები არსებობს და ის მიაწვდის დაინტერესებულ პირებს.
მარტუნ მკოიანის თქმით, ისინი არ აპირებდნენ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან ფიზიკურ დაპირისპირებას და უარყოფს იარაღის და ხელკეტის ქონას.
შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 239-ე მუხლის II, III ნაწილით, რომელიც გულისხმობს ხულიგნობას ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.