ფიზიკური დაპირისპირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით
2018-11-07 7 ნოემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტი, რემო პოღოსიანი გადაიყვანეს ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში. მას თავზე 2 ჭრილობა ჰქონდა. გაერთიანებული ოპოზიციის ახალქალაქის შტაბის უფროსმა, აშოტ რაისიანმა განაცხადა, რომ აქტივისტი რემო პოღოსიანი პოლიტიკური ნიშნით ცემეს, თუმცა თავად პოღოსიანმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ არავის უცემია, ოჯახში საშემოდგომო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც დაეცა და დაშავდა. აშოტ რაისიანი აცხადებს, რომ რემო პოღოსიანმა ინციდენტიდან 5 წუთში დაურეკა და უთხრა, რომ სოფლის გზაზე დახვდა რამდენიმე პირი და თავში ხელკეტი ჩაარტყეს, თან ეკითხებოდნენ იყო თუ არა „5 ნომრიდან“ და მანაც დაუდასტურა. აშოტ რაისიანის ინფორმაციით პოღოსიანმა 20 წუთში გადათქვა თავდაპირველად მიწოდებული ინფორმაცია და თქვა, რომ სახლში დაეცა და დაზიანდა. რაისიანი აცხადებს, რომ რემო პოღოსიანი სავარაუდოდ დააშინეს. განსხვავებულ ვერსიას ასახელებს „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის ნაირი ირიციანი, რომლის ინფორმაციითაც, ახალქალაქში ტარდება რაიონული ჩემპიონატი ფეხბურთში და ერთ-ერთი თამაშის დასრულებიდან 5 წუთში მოხდა შელაპარაკება, თუმცა არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება მხარეებს შორის არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ რემო პოღოსიანი 2 ოქტომბერს ახალქალაქში დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის დღეს კანდიდატის საწინააღმდეგო გამოსვლაში იღებდა მონაწილეობას. ის ამბობდა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტი ყოფილიყო. პოღოსიანი ასევე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S“-ის რესპონდენტიც იყო და ტელეკომპანიასთან საუბრობდა დეპუტატ ენზელ მკოიანის კლანის და კორუფციული სისტემის შესახებ ახალქალაქში. რემო პოღოსიანის დაზიანებებზე ახალქალაქს რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი ალექსანდრე თოროიანი ამბობს, რომ დაზიანებები დაცემის შედეგადაა მიღებული.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე