სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
2018-11-07 ვეჯინის საბავშვო ბაღის მენეჯერი თამარ სიბაშვილი 7 ნოემბერს სამსახურიდან აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც ბაღის შესამოწმებლად წინა დღეს შევიდა. გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში საფუძვლად მითითებულია მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება. თამარ სიბაშვილის თქმით, გათავისუფლების მიზეზად დაასახელეს საბავშვო ბაღში უსაფრთხოების და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დარღვევა, რასაც გარკვეულწილად ეთანხმება, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს ნორმები დარღვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან საბავშვო ბაღის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა და ფართი არ იძლევა ამ ნორმების დაცვის შესაძლებლობას.
თამარ სიბაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან აცხადებს, რომ რეალურად მისი სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, კერძოდ, გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და მერი - არჩილ ხანდამაშვილი მას ყოფილი ხელისუფლების კადრად და მხარდამჭერად აღიქვამენ. ასევე, მან არ გასწია აქტიური აგიტაციაა წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. მას აგრეთვე ბრალს დებენ, რომ არჩევნების პირველ ტურზე სოფელ ვეჯინის უბნებზე გრიგოლ ვაშაძის მიერ მოპოვებული ხმათა უპირატესობით გახარებულმა, საზეიმო განწყობის გამოსახატად საბავშვო ბაღში ტორტი მიიტანა.
საგულისხმოა, რომ 27 ოქტომბერს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გადაიცა სიუჟეტი ფარული აუდიო ჩანაწერის შესახებ, სადაც მერის წარმომადგენელი სოფელ ვეჯინში, გურჯაანის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და საჯარო სკოლის დირექტორი საუბრობენ, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მისულმა ამომრჩევლებმა ერთ-ერთ კომისიის წევრს უნდა დაანახონ ბიულეტენში გაკეთებული არჩევანი. აღიშნული ფაქტის ჩაწერა და გავრცელება ბრალდება თამარ სიბაშვილს.
სიბაშვილი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და სასამართლოში ასაჩივრებს.