ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2018-11-16 16 ნოემბერს, გარდაბანში ვინმე ნათიკ სადიკოვი და მისი ბიძაშვილი, ხალხს ურიგებდნენ კარტოფილსა და ხახვს. იქ მისულ მოსახლეობას „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ჰკითხა, თუ ვინ არიგებდა ამ პროდუქტებს. ზოგმა „ქართული ოცნება“ დაასახელა, ზოგმა „ნაციონალური მოძრაობა“. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გაბილ გასანოვის თქმით, პროდუქტის დარიგება მაჟორიტარი დეპუტატის სავალან მირზოევის დავალებით და დაფინანსებით ხდება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად.
17 ნოემბერს პროდუქტის დარიგება კვლავ გაგრძელდა. დამკვირვებელმა იქ მყოფ პირებს თავი წარუდგინა როგორც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი და იკითხა, ვისი ორგანიზებით რიგდებოდა დახმარება. თავიდან მას აგრესიით უპასუხეს, რომ თუ პროდუქტი უნდოდა აეღო და ორგანიზატორებს ნუ კითხულობდა. მოგვიანებით მას ესაუბრა ამ საქმის ორგანიზატორი ნათიკ სადიკოვი. სადიკოვი ამბობს, რომ ის არის ბიზნესმენი რომელსაც ეცოდება მოსახლეობა და სურს დაეხმაროს მათ პროდუქტით. მან ასევე აღნიშნა რომ შემდგომშიც დაეხმარება მოსახლეობას შაქრით და სხვა პროდუქტებით. მისი თქმით ის არცერთ პარტიას არ ეკუთვნის, სესხი აიღო ბანკიდან რომ მოსახლეობას დახმარებოდა. დამკვირვებლის კითხვაზე, თუ რატომ ინიშნავდნენ პროდუქტის მიმღების სახელს, გვარს და პირად ნომრებს, უპასუხა, რომ მონაცემები სხვა პროდუქტების მათთვის დარიგების მიზნით სჭირდებათ.
ნათიკ სადიკოვმა საუბრისას დამკვირვებელს აჩვენა ფოტო სურათი და კითხა თუ ამოიცნობდა მას ფოტოზე. მისი თქმით ფოტოზე ქურდული სამყაროს წარმომადგენელიც არის ასახული, რომელთანაც მას აქვს კავშირი.