სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა
2021-09-05
პარტია „საქართველოსთვის" მხარდამჭერმა ვაჟა კოვზაძემ Covid 19-ის დადასტურების შემდეგ, კუთვნილი მაღაზია დაკეტა. იგი მეორე დღეს, დედამ გახსნა, რომელსაც ვაჟა კოვზაძესთან შეხება არ ჰქონია. ცოტა ხანში მას საპატრულო პოლიციამ, მფლობელის ინფიცირების გამო, მაღაზიის დაკეტვა მოსთხოვა.
პარტია „საქართველოსთვის" შტაბის უფროსის ვლადიმერ ვარძიელის ინფორმაციით, პატრულს არ აუხსნია თუ როდემდე უნდა ჰქონოდათ მაღაზია დაკეტილი და რა პროცედურები იყო ჩასატარებელი. სავალდებულო პროცედურებში საკუთარი ძალებით გარკვევის და ობიექტის დეზინფიცირების შემდეგ, მაღაზიის გახსნა 3 დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რამაც მფლობელის განცხადებით, ოჯახს საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა. ვლადიმერ ვარძიელი მომხდარს მათი მხარდამჭერების დისკრიმინაციას უკავშირებს, რის დასადასტურებლადაც მერიის შენობა მოჰყავს, სადაც მისი თქმით, დეზინფექცია არ ჩატარებულა, როცა ვირუსი მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა. „სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, მერიის თანამშრომელს ვირუსი ნამდვილად დაუდასტურდა, თუმცა, მერიაში დეზინფექცია არ ჩატარებულა. მერიის თანამშრომელმა აღნიშნა, რომ მართალია, დეზინფექცია არ ყოფილა, მაგრამ ინფიცირებული პირის ოთახი დაიკეტა.